mediashop

გრაფიკული დიზაინერი 

გრაფიკული დიზაინერიგრაფიკული დიზაინერი არის ადამიანი, რომელიც პროფესიონალურ დონეზე ქმნის გრაფიკულ დიზაინის ნიმუშებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის როგორიცაა:

  • ლოგოს შექმნა,
  • დიზაინის ელემენტების შექმნა ბრენდბუქისთვის,
  • სოციალური მედიის პოსტერები,
  • ვებ-საიტისა და მობილური აპლიკაციების დიზაინები და სხვა.

 

გრაფიკული დიზაინერის მოვალეობები განსხვავდება იმ ორგანიზაციის მიხედვით სადაც დასაქმებულია დიზაინერი, შრომით ხელშეკრულებაში დეტალურად უნდა იყოს განსაზღვრული მისი მოვალეობები და ანაზღაურება.

ხშირად გრაფიკული დიზაინერები მუშაობენ დამოუკიდებლად, როგორც freelancer -ები, ამ შემთხვევაში მათი მოვალეობები და ანაზღაურება განსაზღვრულია მომსახურების ხელშეკრულებით.

გრაფიკული დიზაინერის ხელფასი

გრაფიკული დიზაინერი ერთ-ერთ მაღალანაზღაურებადი კადრია ციფრული მარკეტინგის სფეროში.

რაც უფრო გამოცდილია გრაფიკული დიზაინერი, მით უფრო მაღალია მისი ხელფასი.

საშუალო დონის გრაფიკული დიზაინერის ხელფასი იწყება 2500 ლარიდან.

გრაფიკული დიზაინერის უნარები

ციფრული სამყარო, ყოველდღიურად ფართოვდება თვითგანვითარებისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს.

მათ შორის, ერთ-ერთი მოთხოვნადი და საინტერესო პროფესიაა გრაფიკული დიზაინი.

გრაფიკული დიზაინი მოიცავს სხვადასხვა ვიზუალური კომპოზიციის შექმნას გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად თუ საკომუნიკაციოდ:

ტიპოგრაფიის, ფერებისა და გამოსახულებების დახმარებით.

იმისთვის, რომ წარმატებებს მიაღწიო გრაფიკულ დიზაინში საჭიროა გარკვეული უნარების გამომუშავება.

აღსანიშნავია, რომ, დღესდღეობით, ინტერნეტში ბევრი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, რაც თვითნასწავლ გრაფიკული დიზაინერების რაოდენობაზეც მეტყველებს.

  • დიზაინის პრინციპების ცოდნა

გრაფიკული დიზაინერი უნდა ფლობდეს დიზაინის ძირითად პრინციპებს სიღრმისეულად. რადგან მისი მთავარი მოვალეობაა ვიზუალის მეშვეობით მომხმარებლებამდე მიიტანოს გზავნილი, უნდა ესმოდეს როგორ შექმნას ეს ყოველივე სწორად.

როგორ დააკავშიროს ერთმანეთთან ხაზები, სივრცეები, გამოსახულებები, ტიპოგრაფია და სხვა ელემენტები ჰარმონიულად და დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად.

საბოლოოდ, ვიზუალი უნდა იყოს კარგად სტრუქტურირებული.

  • ტექნიკური უნარები

გრაფიკული დიზაინი სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. შესაბამისად, რომელი პროგრამების ცოდნაა საჭირო დამოკიდებულია კონკრეტულ მიმართულებაზე.

მაგალითად, ვებ-დიზაინერს სჭირდება Figma და Sketch პროგრამების ცოდნა. შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში ყველაზე გავრცელებული პროგრამები ეკუთვნის Adobe-ს.

მათ შორისაა Photoshop-ი, რომელსაც აქტიურად იყენებენ ფოტოების დასამუშავებლად. ლოგოებისა და ბრენდინგის ელემენტების დასამზადებლად იყენებენ Illustrator-ს.

ასევე, გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა Indesign-ის ცოდნა.

აღსანიშნავია, რომ Adobe-ის პროგრამების გამოყენება, ერთი დიზაინის შესაქმნელად, შესაძლებელია ერთდროულად, რადგან ერთმანეთის ფაილები სამივე პროგრამაში იხსნება.

  • კრეატიულობა

გრაფიკულ დიზაინერებს მუდმივად ევალებათ ახალი და უნიკალური იდეების შემუშავება.

მათ მიერ შექმნილმა დიზაინმა უნდა მიიპყროს ხალხის ყურადღება და ასევე მიაწოდოს სწორი გზავნილი, რაც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას.

  • კომუნიკაციის უნარი

გრაფიკული დიზაინერი უნდა იყოს კომუნიკაბელური.

მათ ეს უნარი სჭირდებათ არამხოლოდ საქმიანობის შესასრულებლად, არამედ მათ კოლეგებთან და კლიენტებთან საკომუნიკაციოდ.

დიზაინერებს ხშირად უწევთ კლიენტებს, რომლებსაც არ აქვთ დიზაინის სფეროში გამოცდილება, აუხსნან მათი გადაწყვეტილებები და დაუსაბუთონ. ასევე, ეს დაეხმარებათ გუნდურ მუშაობაში თუ ისინი დასაქმებული არიან დიდ კომპანიაში.

  • იდეების გენერატორი

დიზაინერს უნდა შეეძლოს იდეების მოფიქრება.

ახალი პროექტის დაწყებისას მნიშვნელოვანია გარკვეული დრო დაუთმოს იდეების ჩამოყალიბებას. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპს მოიცავს: მოკვლევას, იდეის დახვეწა/განვითარებას და უკვე მის დიზაინში გადმოტანას.

თითოეული ეტაპი გარკვეული სირთულეებით ხასიათდება, რასაც დიზაინერისგან სჭირდება შესაბამისი უნარები.

  • სტრატეგიულობა

გრაფიკული დიზაინერები არიან სტრატეგიულად მოაზროვნეები – მათ უნდა განიხილონ, როგორ მუშაობს გარკვეული დიზაინის ელემენტები ერთად და რა კომბინაცია გადმოსცემს სათქმელს უფრო კარგად, რაც მთავარია, დიზაინის სტანდარტების დაცვით.

ეს გულისხმობს  კვლევების ჩატარებას, ესკიზების დახატვას, იდეების შემუშავებასა და სხვ.

  • დროის მენეჯმენტი

გრაფიკული დიზაინერები ხშირად ერთდროულად მუშაობენ სხვადასხვა პროექტზე.

ამიტომ, მნიშვნელოვანია სწორი დროის მენეჯმენტი, რადგან თავიდან აიცილონ დედლაინის გაშვება. ამისთვის საჭიროა დაიცვან ბალანსი და პრიორიტეტულად დაალაგონ პროექტები.

და ბოლოს, მთავარი კითხვა:

  • საჭიროა თუ არა ხატვის უნარი გრაფიკული დიზაინერობისთვის?

გრაფიკული დიზაინის სამუშაოების უმეტესი ნაწილისთვის ხატვის უნარები არ არის საჭირო.

გრაფიკული დიზაინერები, ძირითადად, იყენებენ შესაბამის პროგრამებს, ამიტომ ბევრად მნიშვნელოვანია ამ პროგრამების დაუფლებაზე ზრუნვა, ვიდრე ხატვის უნარების გაუმჯობესება.

აღნიშნული სფერო მუდმივად ცვალებადია, ამიტომ წარმატების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიახლეებზე თვალყურის დევნება და მათი სწრაფად ათვისების უნარი.

სხვა სტატიები